გადაშლილ ცაზე მკრთალი ნათება სამყაროს აღსასრულს დაგანახებდა - გეგონებოდა დედამიწას თავი და ბოლო მოაჭრესო, სამყაროსთან სრულიად საბრალო დარჩაო. თითქოს ეს ერთი შეხედვით დიდი სივრცეც დაპატარავდა იმისთვის, რომ მიღწეულიყო დასახული მიზანი, ამხდარიყო ის, რაც დღე და ღამ იყო ნანატრი; გარშემო მთები არ ჩანდა, არც ხეები, არც არაფერი. ამელის მხედველობის არეში მხოლოდ უკიდეგანო სწორი მიწა და უსასრულო ცა იყო - სხვა ყველაფერი, ყველაფერი ადამიანური კი წარსულიანად გამქრალიყო - ამელის ისიც კი ეგონა იქნებ არც არასდროს არსებობდა და მხოლოდ ადამიანის ამბიციური წარმოსახვა იყოო. გოგონა ისე ჩამოჯდა უგრძნობი სხეულით ამ გაცვდარ გზაზე, თითქოს უკვე აღარაფერზე ღელავდა. გაშტერებულმა გაიხედა და ჰორიზონტს გაუსწორა თვალი, თუმცა სიცარიელის მეტი ვერაფერი იგრძნო, ვერაფერი დაინახა. სცადა მოეკრიბა მოგონებები, მაგრამ უეცრად ცდასაც თავი მიანება - ვერც მონატრება იგრძნო. ავადმყოფურად აქვითინდა, მაგრამ თვალებიდან ცრემლები არ წამოსვლია, ნაღველიც კი არ მოშორებია, არაფერი არ მომხდარა, ეს მხოლოდ მახინჯი ტირილი იყო - ხმები, რომელიც არავის ესმოდა. ამელიმ თვალები დახუჭა და სცადა აღედგინა ყველა ის გრძნობა, რაც აქამდე ეგრძნო: სიყვარული, სიამოვნება, სიხარული, სევდა, მონატრება... მაგრამ სიტყვების მეტს ვერაფერს მიაგნო; თავი მუხლებში ჩარგო და ისევ აქვითინდა. უგრძნობ ხმაურში თითქოს ნელ-ნელა მიიზლაზნა თბილი ჰაერი ამელისკენ და გოგონას ნაზად მოეფერა გაუხეშებულ ლოყაზე. ნიავმა ამოილუღლუღა და ამდენი ხნის მერე პირველად გაისმა ის ხმა გარკვევით, რაც უმიზეზოდ უქრობდა ამელის ნაღველს. პირველად მან უთხრა, საყვარელო, შენ ჯოჯოხეთში ხარო. ამელიმ უემოციოდ გაიხედ-გამოიხედა და უბრალოდ მძიმედ ამოისუნთქა.
- ჯოჯოხეთი მხოლოდ ცეცხლი და მასში სამუდამოდ წვა მეგონა.
- ჯოჯოხეთი სწორედ ის არის, რისიც ყველაზე მეტად გეშინია. ნუ ნერვიულობ, საყვარელო, შენ ჩემთან ერთად წამოხვალ. თვალები დახუჭე...
რამდენიმე ცარიელი წამიც და სინათლე წარმოიქმნებოდა - ნელ-ნელა შთაინთქმებოდა ამელის სხეულში - ჯოჯოხეთი გაქრებოდა, მაგრამ ამჯერად მხოლოდ გოგონას წარმოსახვაში. გოგონა ისე იგრძნობდა თავს, როგორც ძილბურანში გემრიელად გახვეული თოთო ბავშვი - და სწორედაც ასე მოხდა - ნათელმა შუქმა შთანთქა ჯოჯოხეთი და წარმოსახვამ სხვაგან გადაინაცვლა.
- რატომ მაჩვენე ჯოჯოხეთი? - გემრიელად ატირებულმა ამელიმ თავისთვის ჩაილუღლუღა.
- ვერასდროს მიხვდებოდი გრძნობების არსებობას, თუ არ ნახავდი, რა მოჰყვებოდა მის არ არსებობას. საყვარელო, შენ ძალიან ივაჟკაცე.
- ყველანი მოკვდნენ?
- ყველა კვდება - ზოგი გვიან, ზოგი ადრე... ნუთუ ეს ასეთი საინტერესოა?
- არა... მე ბედნიერი ვარ. ბოლო-ბოლო დავაფასებ სევდას. სევდას, რომელშიც ნახევარი ცხოვრება გავატარე. დავაფასებ მონატრებას, რომელიც ასე მტანჯავდა. მგონი ოცნება აქამდეც დავაფასე, არა? მე ხომ ყოველთვის მჭირდებოდა ისეთი ადამიანი, რომელიც გამიცინებდა, გამაშაყირებდა და მომატყუებდა, მეტყოდა საყვარელი ხარო. კი მე ეს მჭირდებოდა - მარტოობის გადალახვა, უგრძნობველობის დაძლევა და გრძნობების მომატება. და იცი რას ვფიქრობ? მე ეს შევძელი, მე ვიპოვე ასეთი ადამიანი. ალბათ ახლიდან რომ დამაწყებინა ცხოვრება არაფერს შევცვლიდი, რადგან ჩემი ცხოვრება განსაკუთრებულია, სხვებისას არ გავს. იმიტომ კი არა, რომ ჩემია, იმიტომ რომ ყველასი განსაკუთრებულია. არ ვიცი რა ჩავიდინე, სად ვარ და რა მელოდება. არ ვიცი რა კითხვები უნდა გამჩენოდა, როგორც ნორმალურ ადამიანს, ამ მომენტში - მაგრამ არც მაინტერესებს.
იცი რა? მე ბედნიერი ვარ.











